ტოკიო-2020-ის ბილეთების გაყიდვა აპრილიდან იგეგმება

20 იანვარი 2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ბილეთების გაყიდვას სავარაუდოდ 2019 წლის აპრილის ბოლოს დაიწყებენ.

შარშან, ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ბილეთების რეალიზებას გაზაფხულზე აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა აპრილში იგეგმება, საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ  მიუღწევიათ.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბილეთების რეალიზების დაწყებას „ოქროს კვირის" დღესასწაულზე შეძლებენ, რომელიც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ტარდება.

საორგანიზაციო კომიტეტმა შარშან ივლისში ცალკეული სპორტის სახეობისთვის  ბილეთების ფასების საერთო ტარიფი დაამტკიცა. გადახდის ერთადერთი ბრენდული საშუალება იქნება Visa.