ქართულ ძიუდოზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია ოლიმპიურ კომიტეტში

29 იანვარი 2019

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტული კლუბის - „ბლექ თაიგერის" ორგანიზებით გაიმართა ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს" პრეზენტაცია. „ძველი კიმონო" ძიუდოს კლუბების, ქართული „ბლექ თაიგერისა" და ლატვიური „ლიდოს" ერთობლივი პროექტია. ფილმის გადაღება 2016 წელს დაიწყო. პროექტი დააფინანსა ბიზნესმენმა, ვეტერანმა ძიუდოისტმა დავით ხახუტაშვილმა. „ძველი კიმონო" ორი სერიისგან შედგება და საქართველოში ძიუდოს შემოსვლას და განვითარების სხვადასხვა ეტაპს ეხება.

ფილმში ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ საუბრობენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, წარმატებული მწვრთნელები  და ქართული ძიუდოს განვითარებაში მონაწილე პირები.

 ფილმის ჩვენებას  დაესწრნენ მოქმედი და ვეტერანი ძიუდოისტები, ძიუდოს მწვრთნელები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, პარლამენტარები, მოწვეული სტუმრები ლატვიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან.

შეკრებილებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ვეტერანი ძიუდოისტი დილარ ხაბულიანი და სხვები.

ითქვა, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაზე მუშაობა გაგრძელდება და შეიქმნება მესამე ფილმი, რომელიც ქართველ ძიუდოისტთა ბოლო თაობის წარმატებებზე მოგვითხრობს.