კატოვიცე მესამე ევროპული თამაშების მასპინძლობას გეგმავს

31 იანვარი 2019

პოლონეთის კატოვიცე 2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას გეგმავს. პოლონელებმა საკუთარი განზრახვა რომში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების  (EOC) წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმოვანეს.

„დასახული მიზნის მისაღწევად ეს ჩვენი პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შევეცდებით EOC-ის რეკომენდაციები შევასრულოთ," - განაცხადა პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ტომაშ პორებამ.

კატოვიცეს მერის მოადგილის მარიუშ სკიბის თქმით, კატოვიცეში მრავლადაა სპორტული ობიექტები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება III ევროპული თამაშებისთვის, ასევე დიდი შესაძლებლობებია ტურისტების მოსაზიდად. ქალაქს აქვს მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებების ორგანიზების გამოცდილებაც.

გარდა ამისა, ნოემბერში კატოვიცე უმასპინძლებს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სხდომას, სადაც საგენტოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

მესამე ევროპული თამაშების ჩატარების მოსურნეთა განაცხადების მიღება 28 თებერვლამდე გრძელდება. მასპინძლის ვინაობა გაცხადდება 20 ივნისს მინსკის მეორე ევროპული თამაშების გახსნამდე.

2023 წლის ევროპული თამაშებისთვის ბრძოლაში ჩაება რუსეთის ყაზანიც.