იაპონელი სტუმრები ოლიმპიურ კომიტეტში

31 იანვარი 2019

31 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ იაპონიის ქალაქ ომუტას ვიცე-მერი შიგეტოში კაი, ფუკუოკას პრეფექტურის სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ვიზიტის ორგანიზატორი შინია მიამოტო.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის  საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზება იაპონიაში.   პრეზენტაციაზე სტუმრებმა წარმოადგინეს საინტერესო ბეჭდური და ვიდეო-მასალა ფუკუოკას პრეფექტურაზე, ქალაქ ომუტას სპორტულ ბაზებზე, ძიუდოისტთა საწვრთნელ სპორტულ კომპლექსზე. იაპონური მხარე მზად არის ჩვენს ძიუდოისტებს უსასყიდლოდ უმასპინძლოს ოლიმპიადისწინა პერიოდში და შეუქმნას ყველა აუცილებელი საწვრთნელი პირობა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა იაპონელ სტუმრებს საინტერესო შემოთავაზებისთვის და აღნიშნა, რომ  მათთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი ძიუდოსიტების მზადებას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი და გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას.