ჩვენი მილოცვა

01 თებერვალი 2019

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენ ქალბატონს, ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს 50 წელი შეუსრულდა.

ნინო სალუქვაძე გამორჩეული მოვლენაა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში. მის მიერ განვლილი სპორტული ცხოვრება არის თვალსაჩინო მაგალითი მაღალი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისა, იშვიათი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისა.

ნინომ თავისი მრავალწლიანი და წარმატებული მოღვაწეობით, სპორტში დაამკვიდრა ახალი სტანდარტები, ერთგვარად წაშალა ზღვარი ახალბედა და ვეტერან სპორტსმენს შორის, რისი უტყუარი დასტურიც არის მისი სპორტული მიღწევების ნუსხსა, რომელიც ოცდაათ წელზე მეტ პერიოდს მოიცავს. ამ წლების განმავლობაში ნინომ შეძლო 3 ოლიმპიური მედლის, მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, მსოფლიოს სუპერთასის ათგზის დაუფლება, მსოფლიოსა და ევროპის ათეულობით რეკორდის დამყარება. ამიტომაც სამართლიანად დაიმსახურა ეპითეტები - განუმეორებელი, უნიკალური, ლეგენდარული. ნინო სალუქვაძე პირველია, ვინც 8 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა; პირველი ქართველი ქალია, ვინც 3 ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო. ამავე დროს, ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, ვისაც ოლიმპიადებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ნონოს ბოლო უნიკალური მიღწევა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებს და მის ვაჟს - ცოტნე მაჭავარიანს უკავშირდება, რომელმაც ასევე მოიპოვა ამ თამაშების საგზური. ეს იყო პირველი შემთხვევა მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როცა ერთ ოლიმპიურ თამაშებზე, ერთ ოლიმპიურ სახეობაში დედა-შვილი მხარდამხარ ასპარეზობდა. სასიხარულოა, რომ ნინო კვლავ აქტიურ სპორტსმენად რჩება, ამასთან ერთად, ჩვენი ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს სახელოვან ნინო სალუქვაძეს მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.