თომას ბახი პეკინი-2022-ს ათიდან ათი ბალით აფასებს

01 თებერვალი 2019

ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პეკინის მზადება ათიდან ათი ბალით შეაფასა.

თომას ბახმა სამთო მოთხილამურეთა, ბიატლონისტთა და ტრამპლინიდან მხტომელთა არენები მოინახულა. შთაბეჭდილებები მართლაც განსაკუთრებულია, - ამბობს თომას ბახი. - პროგრესი თვალშისაცემია. პროექტი განრიგის შესაბამისად ხორციელდება."

IOC-ის პრეზიდენტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩინეთის ხელისუფლების მიზანმა, 2022 წლისთვის 300 მილიონამდე გაზარდოს ზამთრის სპორტის მიმდევართა რიცხვი: შევხვდით მოზარდებს, რომლებიც მონდომებით ვარჯიშობენ ზამთრის სპორტში. შევხვდით ტურისტებს, რომლებიც გაშინაურებულები არიან ზამთრის სპორტთან. ყოველივე მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ დასახული მიზნის მისაღწევად, რაც ზამთრის სპორტთან 300 მილიონი ჩინელის დაახლოებას ითვალისწინებს."

ვიზიტის დასასრულს, სპორტსმენთა მზადების ეროვნული ცენტრის მონახულების შემდეგ, თომას ბახს დიდ სახალხო დარბაზში უმასპინძლა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წლის ოლიმპიადისთვის მზადების საკითხები და ჩინელთა მასშტაბური გეგმები ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით.