FIM-ი მოტოსპორტის გაოლიმპიურებისთვის პეტიციას ამზადებს

03 თებერვალი 2019

საერთაშორისო სამოტოციკლო ფედერაცია (FIM) ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესაღწევად პეტიციას ამზადებს.

FIM-ის მიზანი ელექტროძრავიანი საშეჯიბრო ფორმატის (Trial-E) გაოლიმპიურებაა. საუბარია სპორტის ისეთ სახეობაზე, რომელიც მაუნთინბაიკის დისციპლინის, ველოტრიალის მსგავსია და ბუნებრივ თუ ხელოვნურ წინაღობათა გადალახვას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სამოტოციკლო ფედერაცია მიზანს მიაღწევს, ეს იქნება მოტოსპორტის გაოლიმპიურების პირველი შემთხვევა. FIM იმედოვნებს, რომ ეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლის ორგანიზატორებს უკვე შეხვდნენ.

გარდა ამისა, FIM-ის ხელმძღვანელობას ასევე სურს, რომ Trial-E 2021 წლის ბირმინგემის (აშშ) მსოფლიო თამაშების და 2023 წლის ევროპული თამაშების პროგრამის ნაწილი გახდეს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მოსახვედრად იბრძვის სნუკერიც, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში წლეულს საჩვენებელ ღონისძიებასაც ჩაატარებს.

პარიზი-2020 ოლიმპიურ თამაშებისთვის ახალი სპორტის სახეობების თუ დისციპლინების ჩართვასთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს 2019 წლის პირველ ნახევარში გაახმოვანებს. საკითხს განიხილავენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ივნისის სესიაზე, შემდეგ ის დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს გადაეცემა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებს.