სეოკ-მა და ,,ავერსმა" მემორანდუმი განაახლეს

06 თებერვალი 2019

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად, "ავერსი" იღებს  ვალდებულებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით.

სეოკ-სა და „ავერსს" შორის თანამშრომლობას საფუძველი 2009  წლის 19 თებერვალს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 992 178.50 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 520 516.80  ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს  1 512 695.30 ლარს.

მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის" პრიორიტეტი იქნება.

ავერსის" კლინიკაში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, „ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე, საქველმოქმედო ფონდ „ავერსის" დირექტორი  ქეთევან ნემსაძე, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები - რაფაელ ჩიმიშკიანი, შოთა ხაბარელი, გელა კეტაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციიების წარმომადგენლები, მსწვრთნელები, სპორტსმენები და ოლიმპიური თამაშების მონაწილეები.

შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და სეოკ-ს დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.