ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე საათები რჩება

09 თებერვალი 2019

სარაევოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე საათები რჩება. ფესტივალი 10 თებერვალს გაიხსნება, 11-ში კი პირველი მედალოსნებიც გამოვლინდებიან.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 1600 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა) იასპარეზებს 6 სპორტსმენი.

მედლებისთვის ბრძოლა გაჩაღდება სპორტის 8 სახეობაში. ეს არის სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ-ტრეკი, სნოუბორდი და კერლინგი.

ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს 1200 მოხალისე მოემსახურება.

სარაევოს 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით პირველად მასპინძლობს მსხვილ მულტისპორტულ საერთაშორისო ღონისძებას.

„ეს ღონისძიება კიდევ ერთი დიდი სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეუძლია სპორტს ადამიანების გაერთიანება. დღეს მისი გავლენა აქტუალურია და საჭიროა, როგორც არასდროს", - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩის თქმით, „ ეს არის პირველი მულტისპორტული ღონისძიება, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში სარაევოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მერე ტარდება. გვიხარია, რომ ამ მოვლენის თანამონაწილენი ვართ."