ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

10 თებერვალი 2019

სარაევოს ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ევროპის მე-14  ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც 46 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ბოსნია-ჰერცოგოვინელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ლარისა ცერიჩმა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო სამთო-მოთხილამურე სანდრო ჟორჟოლიანი.

ცერემონიას დაესწრნენ  ბოსნია-ჰერცოგოვინის პოლიტიკური ლიდერები, სარაევოსა და აღმოსავლეთ სარაევოს მერები, ევროპული სპორტის მაღალჩინოსნები, ცნობილი სპორტსმენები.

 ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, სარაევოს ოლიმპიურ მემკვიდრეობაზე, რომელიც 35 წლს ითვლის. მან გაიხსენა 1984 წელს სარაევოში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშები: „35 წლის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ესევ ესტუმრა სარაევოს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ენთუზიაზმი, ამ ფესტივალზე ეროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები განაახლებს სარაევოს ოლიმპიურ სულისკვეთებას და მის რეპუტაციას ევროპულ სპორტში," - განაცხადა კოჩიანჩიჩმა.

ფესტივალის პროგრამაშია ზამთრის სპორტის 8 სახეობა.