საქართველოს ოლიმპიური დებიუტიდან 25 წელი გავიდა

12 თებერვალი 2019

ისტორიაში პირველად, ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გზები 1994 წელს გაიყარა. ისინი არა ერთსა და იმავე  წელს, არამედ ორწლიანი ინტერვალით გაიმართა. ახლებურად ათვლა ლილეჰამერის XVII ზამთრის თამაშებიდან დაიწყო (12-27 თებერვალი, 1994 ). შედეგად, ლილეჰამერის ზამთრის თამაშები პირველი და ერთადერთია, რომელიც წინა ოლიმპიადიდან ორი წლის შემდეგ ჩატარდა.

ყოფილი საბჭოთა რესბუბლიკების უმეტესობამ დამოუკიდებელი ქვეყნების სახელით გამოსვლას სწორედ ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დაუდეს სათავე. ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა ბელარუსიას, მოლდავეთს, რუსეთს, სომხეთს, უკრაინას, უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს და საქართველოს. ოლიმპიადებზე დებიუტი ჰქონდათ ასევე ჩეხეთისა  და სლოვაკეთის დელეგაციებს, რომლებიც მანამდე ჩეხოსლოვაკიის სახელით გამოდიოდნენ. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ზამთრის თამაშებზე პირველად გამოვიდა ბოსნია და ჰერცეგოვინაც.

ლილეჰამერში 5 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა: ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო თხილამურობა), ლევან აბრამიშვილი (სამთო თხილამურობა), კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა), კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი (ციგაობა). საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშე იყო კახა ვახტანგიშვილი.

დღეს ნორვეგიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ქალაქის ხელისუფლებასთან, ნორვეგიის ოლიმპიურ მუზეუმთან და ნორვეგიის საზოგადოებრივ ტელე-რადიო მაუწყებელ NღK-თან თანამშრომლობით, ლილეჰამერში XVII ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან 25-ე წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. სხვა მრავალთან ერთად, საიუბილეო თარიღი ითვალისწინებს ლილეჰამერის ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთებას, ნორვეგიელ ოლიმპიურ მედალოსნებთან შეხვედრას.

ლილეჰამერმა 2016 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლა.

1994, XVII ოლიმპიადა

ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება)

კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა) - 17

კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) - 50, (120 მ ტრამპლინი) - 55

ლევან აბრამიშვილი (სლალომი ) - -დისკვ.