ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ამბები

13 თებერვალი 2019

სარაევო მასპინძლობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელშიც  სპორტის 8 სახეობაში 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი  მონაწილეობს. ოლიმპიურ ფესტივალში საქართველოს სახელით  სპორტის 2 სახეობაში (სამთო-სათხილამურო სპორტი და ფიგურული ციგურაობა) 6 სპორტსმენი ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს -11 თებერვალს ჩვენმა სამთო - მოთხილამურეებმა სლალომში იასპარეზეს. სამწუხაროდ, გოგონებმა ვერ შეძლეს ბოლომდე ტრასის დასრულება, რაც შეეხება ვაჟებს,  ისინი 12 თებერვალს ჩაერთვნენ ასპარეზობაში. ჩვენ სამი სპორტსმენიდან მხოლოდ ნოდარ კოზანაშვილმა შეძლო ტრასის ბოლომდე დასრულება. ის 105 მონაწილეს შორის 48-ე ადგილზე გავიდა.

ფიგურულმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ დღეს მოკლე პროგრამა წარადგინა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ხვალ მოციგურავეთა შეჯიბრება თავისუფალი პროგრამით გაგრძელდება. ხვალვე  გიგანტურ სლალომში იასპარეზებენ ჩვენი სამთო-მოთხილამურე ვაჟები.