ინდონეზიამ 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა

19 თებერვალი 2019

ინდონეზიამ 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის განაცხადი ოფიციალურ დონეზე გააკეთა - შვეიცარიაში ინდონეზიის ელჩმა მულიამან ჰადადმა ქვეყნის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს წერილი გადასცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC).

„IOC ინდონეზიის შესაძლებლობებში 2018 წლის აზიის თამაშების და აზიის პარალიმპური თამაშების შემდეგ დარწმუნდა. მიგვაჩნია, რომ ეს მყარი საფუძველია", - განაცხადა ჰადადმა.

2032 წლის თამაშების ჩატარებით დაინტერესებულია ავსტრალია, გერმანია, ინდოეთი, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, რომლებსაც ეს ერთობლივად სურთ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების მასპინძელს, როგორც წესი,  შვიდი წლით ადრე ირჩევს.

2020 წელს თამაშებს ტოკიო უმასპინძლებს, 2024 წელს - პარიზი, 2028 წელს კი - ლოს ანჯელესი.