ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა ამინდის განმსაზღვრელი მაღალტექნოლოგიური რადარი შექმნეს

19 თებერვალი 2019

იაპონელი მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის განავითარებენ ახალ სისტემას, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს  მოსალოდნელ თავსხმა წვიმებს. 

მეცნიერებმა შექმნეს მაღალტექნოლოგიური რადარი, რომელსაც 30-60 წამში შეუძლია საწვიმარი ღრუბლების სამგანზომილებიანი რუკის შედგენა. საგულისხმოა, რომ არსებული სისტემა იგივე ოპერაციის მხოლოდ ნაწილის შესრულებას 5 წუთამდე  ანდომებდა. 

რადარი იაპონიის ჩრდილოეთით - საიტამას უნივერსიტეტში დაიდგა და მისი ამოცანაა ჰაერში ტენიანობის განსაზღვრით ამინდის პროგნოზის უკეთ შედგენა.

ინფორმაციისა და ტექნოლოგიურ კომუნიკაციათა ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კაცუჰირო ნაკაგავას სჯერა, რომ ახალი სისტემა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს.

ოლიმპიადის მასპინძლებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება ამინდი. შარშან დიდი სიცხეების შედეგად, იაპონიაში არანაკლებ 100 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლიმპიური თამაშების მასპინძლები უფრთხიან ტაიფუნებსაც. ამ მიზეზით, მათ აფროსანთა ასპარეზობებზე დამსწრებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირეს, რათა ცუნამის შემთხვევაში მაყურებელთა ევაკუაცია მარტივად მოხდეს.