ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დარჩა150 დღე

22 თებერვალი 2019

აზერბაიჯანის  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ბაქოში, სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელზეც საზეიმო ვითარებაში აღინიშნა  ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დარჩენილი 150 დღე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წამოწყებული ინიციატივა ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამის შესახებ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის სპორტის მინისტრი აზად რაჰიმოვი, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჩინგიზ ჰუსეინ ზადე, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვი.

მიღების მუსიკალურ ნაწილში  ბავშვებმა წარმოადგინეს ევროპის 50 ქვეყნის ტრადიციული საცეკვაო ნომრები, მათ შორის იყო  ქართული ცეკვები.

მიღებას  ესწრებოდნენ უკრაინის, ყირგიზეთის, ბელარუსის, რუსეთის, მოლდოვას, სერბეთის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც ბაქოში სპეციალური მიწვევით მონაწილეობენ სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით მიმდინარე დიგიტალური კომუნიკაციისა და მედიის სემინარში.

საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. მიღებაზე აზერბაიჯანის მხარის მიერ მიწვეულ იქნა საქართველოს ელჩის მრჩეველი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ბუაჩიძე.

საქართველო აქტიურად ჩაერთო ფესტივალის ფარგლებში განსახორციელებელ ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და  აზერბაიჯანის სკოლების დამეგობრებას. ორგანიზატორები გეგმავენ ფესტივალის პერიოდში ოლიმპიურ სოფელში  კულტურული პროგრამის ორგანიზებას.