IWF-ის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას მხოლოდ „სუფთა" ძალოსნები შეძლებენ

26 თებერვალი 2019

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2020 წლის თამაშებზე გამოსვლის საშუალება მხოლოდ „სუფთა" ძალოსნებს მიეცეთ.

IWF-ის გენერალური დირექტორი ატილა ადამფი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში საერთაშორისო ასპარეზობებიდან მოიკვეთა 22 ძალოსანი, მათ შორის 2 ოლიმპიური და 3 მსოფლიოს ჩემპიონი.

ადამფის განმარტებით, დოპინგ-სინჯების განმეორებითი ანალიზი ეფექტური იარაღი გახდა დამრღვევთა გამოსავლენად.

ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ დოპინგი 10 წლის წინ აღებულ სინჯებშიც. ადრე მსგავსი რამ შეუძლებელი იყო", - ამბობს IWF-ის გენერალური დირექტორი.

პეკინისა და ლონდონის თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების ხელმეორედ გადამოწმების საკითხში IWF-ს სრულ მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC). ასევე დადებითად აფასებს ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ანტისადოპინგო სამუშაოებს.

2019 წლიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ IOC-ის ინიციატივით შექმნილ ტესტირების დამოუკიდებელ სააგენტოსთან (ITA) თანამშრომლობა დაიწყო.

უხალოესი 2  თვის განმავლობაში IWF-ის ეგიდით რამდენიმე საკვალიფიკაციო შეჯიბრება ჩატარდება. მათ შორის, ბათუმი 6-13 აპრილს უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს.