მინსკის ევროპულ თამაშებზე დოპინგ-კონტროლი მოიცავს თითოეულ სპორტის სახეობას

04 მარტი 2019

ბელარუსის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს (NADA) დირექტორის დენის მუჟუხინის განცხადებით, მინსკის ევროპული თამაშების ანტისადოპინგო პროგრამა თამაშების ორგანიზატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. კონკრეტულად, საქმე ეხება კადრების შერჩევას, ტესტირების დაგეგმარებას, დოპინგ-კონტროლის პუნქტების აღჭურვას.

მეორე ევროპული თამაშებისას დოპინგ-კონტროლის პუნქტები განთავსდება სპორტულ ობიექტებსა და სპორტსმენთა სოფელში. დოპინგ-კონტროლი მოიცავს თითოეულ სპორტის სახეობას. პრაქტიკულად ყველა სახეობაში, გარდა მშვილდოსნობისა და ტყვიის სროლისა, დოპინგ-კონტროლი განხორციელდება სისხლის სინჯებით.

მინსკის ევროპული თამაშების ანტისადოპინგო კონტროლის მენეჯერის ეკატერინა კურილენკოვას განმარტებით, ანტისადოპინგო პროგრამის სამიზნეში იქნებიან ის ათლეტები, რომლებიც საპრიზო ადგილებს დაიკავებენ. გარდა ამისა, სპორტსმენების შერჩევა მოხდება ერთგვარი კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი ექნება ამა თუ იმ ათლეტს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტის იმ სახეობებს, სადაც აკრძალული ნივთიერებების მიღების მომატებული რისკია. მათ შორისა არის ველოსპორტი, მძლეოსნობა, ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, ნიჩბოსნობა.  გარდა ამისა, გადამოწმდება ანტისადოპინგო წესების დარღვევაზე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაციებიც.

საგულისხმოა, რომ თამაშებს მოემსახურება დოპინგ-ოფიცრების საერთაშორისო გუნდი, რაც თავის მხრივ დოპინგ-კონტროლის პროცესის გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს.