ქართველ მოჭიდავეთა იშვიათი წარმატება

05 მარტი 2019

ნოვი სადის (სერბეთი) მიმდინარე  23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ისტორიული შედეგით დაიწყო.

კონტინენტის პირველობაზე 55, 63, 77, 87, 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების პირველი 5 კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა 4  ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ჩემპიონის ტიტულები შეინარჩუნეს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ. წურწუმიამ ფინალში რუმინელ ფლორინ ტიტას აშკარა უპირატესობით - 9:0 სძლია, ხოლო პატარიძემ ასევე რუმინელ ლენარდ ისტვან ბერეის 5:0 მოუგო.

ასევე ჩემპიონები გახდნენ ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ). ქავჟარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხი სლავიკ გალსტიანი დაძაბულ ორთაბრძოლაში 10:8 დაამარცხა, ხოლო ხეცურიანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე გაზი ჰალილოვს 5:1 მოუგო. ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს 3:0 აჯობა.