საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველობა მოიპოვა

06 მარტი 2019

ნოვი სადის (სერბეთი) 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 მედალი აიღო.

საქართველოს ნაკრებისთვის 5 წონაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან წარმატებული 72 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიები გამოდგა.

ყველაზე უკეთ რამაზ ზოიძე (72 კგ) გამოვიდა - ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ იარბილოვი 7:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი მელიას (97 კგ), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში ფინელ არვი სავოლაინენთან 1:4 დამარცხდა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონები გახდნენს ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), ხოლო ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა 5 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით 178 ქულა აიღო და გუნდური ჩემპიონობა იზეიმა. მეორე ადგილზე გავიდა რუსეთი (167 ქულა), მესამეზე თურქეთი (141 ქულა), მეოთხეზე რუმინეთი (78 ქულა), მეხუთეზე უკრაინა (70 ქულა).