ბაქოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს დევნილი სპორტსმენიც ეყოლება

07 მარტი 2019

ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეთა შორის პირველად გამოჩნდება დევნილი სპორტსმენი. ბაქოში, წლევანდელი ფესტივალის მძლეოსანთა ასპარეზობაში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშით მონაწილეობას მიიღებს 16 წლის ერითრიელი ნაზრეტ კოფკო.

ერითრიელი დევნილი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, ვარჯიშობს და იქვე გამოდის შიდა ასპარეზობებზე. გარდა ამისა, თავის ასაკობრივ ჯგუფში ისრაელის ჩემპიონია კროსსა და 2000 მეტრზე რბენაში. 16 წლის სპორტსმენი ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე სწორედ ამ დისციპლინებში გამოვა.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე ნაზრეტ კოფკო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშით წარსდგება. ამასთან, ის ბაქოს ოლიმპიური ფესტივალის ერთადერთი დევნილი სპორტსმენი იქნება.

ნაზრეტ კოფკო აზერბაიჯანის დედაქალაქში ისრაელის გუნდთან ერთად ჩაფრინდება და ოლიმპიურ სოფელშიც ისრაელის დელეგაციასთან  ერთ კორპუსში დაბინავდება. 

ნაზრეტ კოფკო სპორტულ კარიერაზე მეოცნებე იძულებით გადაადგილებულთათვის შესანიშნავი მაგალითი გახდება. ყველას, ვინც საკუთარი სახლი დაკარგა, სპორტის წყალობით უკეთესი მომავლის იმედი აქვს," - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა.