ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პიქტოგრამები შეარჩიეს

19 მარტი 2019

2020 წლის ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა თამაშების დაწყებამდე 300 დღის ათვლა პიქტოგრამების გამომზეურებით აღნიშნეს.

გამოსახულებები, რომლებიც თითოეულ სპორტის სახეობას აღნიშნავს, ლოზანაში არსებული ხელოვნების სკოლა ERACOM-ში შეიქმნა.

 აღსანიშნავია, რომ ლოზანა-2020-ის თილისმის დიზაინიც ამავე სკოლაშია შექმნილი.

მომავალი თამაშების მასპინძელთა განმარტებით, 16 პიქტოგრამის შექმნაზე 36 მოსწავლე მუშაობდა. თითოეული პიქტოგრამა დადასტურებულია სპორტის შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ.

ნამუშევრების საბოლოო დიზაინის შერჩევის შემდეგ, სკოლის მეოთხეკურსელებმა პიქტოგრამები ანიმაციურად გააცოცხლეს.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაისად, 9-22 იანვარს გაიმართება.  ლოზანაში 80-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1880 ათლეტს ელიან.