ოლიმპიური კომიტეტის მილოცვა გურამ საღარაძეს

21 მარტი 2019

ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ორგზის ვერცხლის მედალოსანს, ევროპის ჩემპიონსა და ბრინჯაოს პრიზიორს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს გურამ საღარაძეს 80 წელი შეუსრულდა.

ქართული სპორტის ისტორიაში  გურამ საღარაძეს გამორჩეული ადგილი უკავია და ამას მხოლოდ მისი შთამბეჭდავი  სპორტული მიღწევები როდი განაპირობებს. უპირველესად ის გამორჩეულია თავისი დიდსულოვნებით და რაინდული თვისებებით, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულით, სპორტისა და საქმის  ერთგულებით.

 გურამ საღარაძის წარმატებებს საფუძვლად დაედო სწორედ მისი ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება, იშვიათი ოსტატობა, ბრძოლისუნარიანობა და შემართება. მას პატივს სცემენ და აფასებენ სხვადასხვა თაობის მოჭიდავეები, ვეტერანები თუ ახალგაზრდები, ასევე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. ის არის ამ საზოგადოების ღირსეული, დაფასებული  და აღიარებული წევრი, ჩვენი ქვეყნის ვალმოხდილი მოქალაქე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ბატონ გურამ საღარაძეს  ულოცავს სახელოვან იუბილეს,  უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.