FIBA NBA-ს მოთამაშეების მხრიდან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამოტოვების ვარიანტს გამორიცხავს

22 მარტი 2019

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გენერალური მდივნის ანდრეას ზაგკლისის განცხადებით, ფედერაცია NBA-ს მოთამაშეების მხრიდან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამოტოვების ვარიანტს გამორიცხავს.

ასეთ სცენარს არ განვიხილავთ. ოლიმპიურ თამაშებზე პროფესიონალ, მათ შორის NBA-ს მოთამაშეთა მონაწილეობა, 30 წლის წინათ იყო შეთანხმებული. საუკეთესო მოთამაშეებს საკუთარი ოსტატობის წარმოჩენის შანსი ოლიმპიადაზე ეძლევათ. ეს ეხება ყველა ქვეყანას და არა მხოლოდ აშშ-ს.

შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს NBA-სთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს პირველი კლასის ლიგას.  ამასთან,  მკაფიო ხედვა აქვს იმაზე, თუ რა არის საჭირო კალათბურთის განვითარებისა და პროპაგანდისთვის. რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები ამ მიზნებისთვის ბრწყინვალე სცენაა," - განაცხადა FIBA-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისმა.