ოლიმპიური კომიტეტის მილოცვა რაფაელ ჩიმიშკიანს

23 მარტი 2019

პირველი თაობის ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოდან, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ტრიუმფატორს, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებულს და ორგზის ვერცხლის მედალოსანს, ევროპის ექსვგზის ჩემპიონს, სსრკ-ს ათგზის გამარჯვებულს, მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო  ორდენების კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს რაფაელ ჩიმიშკიანს  90 წელი შეუსრულდა.

ქართული სპორტის პირველი ოლიმპიური გამარჯვება სწორედ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელს უკავშირდება. მართალია, მაშინ ჩვენი სპორტსმენები ერთიან საბჭოთა გუნდში გამოდიოდნენ, მაგრამ  შორეულ 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში  დავით ციმაკურიძემ, რაფაელ ჩიმიშკიანმა და მზია ჯუღელმა პირველებმა შეძლეს ოლიმპიური სიმაღლის დაპყრობა და ეს მედლები, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეკუთვნოდა, ამავე დროს ჩვენი სპორტის ისტორიის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებდა.

 რაფაელ ჩიმიშკიანმა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ  ახალგაზრდა ძალოსანმა, ყველა ფავორიტი უკან ჩამოიტოვა და მშობლიურ თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნდა. ეს იყო გამარჯვება, რომელიც არასოდეს დაკარგავს თავის სიდიადეს და ბრწყინვალებას. მას შემდეგ, ბატონმა რაფაელმა არაერთ სხვა მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებას მიაღწია, რაც მისაბაძ და სტიმულის მიმცემ მაგალითად იქცა მომდევნო თაობის ძალოსნებისთვის. რაფაელ ჩიმიშკიანის მიერ განვლილი დიდი ცხოვრებისეული გზა მართლაც ნათელი მაგალითია ქვეყნის და ხალხის უანგარო სამსახურიასა. სოლიდური ასაკის მიუხედევად, მას ხშირად ნახავთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ის ასევე ხშირი და სასურველი სტუმარია ოლიმპიური კომიტეტისა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განსაკუთრებული პატივისცემით  ულოცავს ბატონ რაფაელს სახელოვან იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.