შეხვედრა სახელოვან იუბილართან

23 მარტი 2019

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სახლში მოინახულა და დაბადების 90 წლის იუბილე მიულოცა 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს. სტუმართა შორის იყვნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი  და ცნობილი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი.

„ბატონი რაფაელის და პირველი თაობის ჩვენი სხვა სახელოვანი სპორტსმენების გამარჯვებებმა დაუდეს სათავე ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. ჩვენი დღევანდელი იუბილარი ამ ისტორიის სათავეში იდგა და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება სპორტს მიუძღვნა. მან შორეულ 1952 წელს სპორტული გმირობის მაგალითი გვიჩვენა, როცა ჯერ ურთულესი შიდა  კონკურენცია დაძლია, შემდეგ კი უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე ყველა მეტოქეს აჯობა.  რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვახსოვს მისი სხვა გამარჯვებები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები, მსოფლიოს რეკორდები. შემთხვევითი არ არის, რომ მის გზას გაყვნენ სხვადასხვა თაობის ძალოსნები და დღეს სპორტის ამ სახეობაში ასეთი წარმატებები გვაქვს," - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

 ლერი ხაბელოვმა იუბილარს გადასცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ლოზანიდან გამოგზავნილი მისალოცი წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ძვირფასო ბატონო რაფაელ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულითადი  მოლოცვა თქვენი 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.  მომავალშიც გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებას და ჯანის სიმრთელეს.

თქვენი შესანიშნავი სპორტული კარიერის განმავლობაში წილად გხვდათ უდიდესი პატივი გამხდარიყავით ოლიმპიური ჩემპიონი  და მოგეპოვებინათ მრავალი ტიტული სხვადასხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებზე, რითაც წარუშლელი კვალი დატოვეთ ძალოსნობის ისტორიაში.

 სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში თქვენი დიდი დამსახურების აღიარების ნიშნად, წილად მხვდა დიდი პატივი მოგანიჭოთ  სოკ-ის პრეზიდენტის ჯილდო, რომელსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოგვიანებით გადმოგცემთ ჩემი სახელით.

კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ ამ  დღესასწაულის  სასიამოვნოდ  აღნიშვნას  თქვენი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში.

პატივისცემით, თომას ბახი. "

სახელოვან იუბილარს მიესალმნენ და დაბადების დღე მიულოცეს სხვა სტუმრებმა, რომლებსაც გულითადად გაუმასპინძლდნენ რაფაელ ჩიმიშკიანი და მისი ოჯახის წევრები.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაიხსენა თავისი პირველი ნაბიჯები სპორტში, ოლიმპიური თამაშების პერიპეტიები, დიდი გამარჯვების სიხარული, ბოლოს კი მადლობა გადაუხადა ყველას კეთილი სურვილებისთვის.