ლოზანა-2020-ის ელჩების რაოდენობა იზრდება

24 მარტი 2019

ლოზანა-2020-ის ორგანიზატორთა განცხადებით, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ელჩების რაოდენობა იზრდება. მათ შორის არიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის შვეიცარიელი ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით ლოზანა-2020-ის პროექტის განვითარებას დამატებით მუხტს შესძენენ.

საერთაშორისო ასპარეზზე დაგროვილი გამოცდილების მქონე სპორტსმენთა მოზიდვა საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა აუდიტორიისთვის იდეების გადასაცემად. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საქვეყნოდ ცნობილი სპორტსმენები საკუთარი კეთილი ნებით მონაწილეობას მიიღებენ ლოზანის თამაშებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის ვირჟინ ფევრის განცხადებით, მათთვის სასიხარულოა ლოზანა-2020-ის ოჯახს შემოერთებული სახელოვანი სპორტსმენების ხილვა. მათი გამოცდილება ნებისმიერი ახალგაზრდისთვის ფასდაუდებელი იქნება.