პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებს თვალყური მიადევნა დედამიწის მოსახლეობის მეოთხედმა

27 მარტი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სხვადასხვა მედია პლატფორმის საშუალებით თვალყური მიადევნა დედამიწის მოსახლეობის მეოთხედმა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის ზამთრის თამაშებს 1,92 მილიარდიანი აუდიტორია ჰყავდა. ამასთან, ირკვევა, რომ IOC-ის პარტნიორთა დახმარებით პიონჩანგის თამაშები ციფრულად უფრო მრავლისმომცველად იყო გაშუქებული, ვიდრე წინა თამაშების შემთხვევაში.

„2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მრავალმხრივ წარმატებული გამოდგა. ეს კვლევა ნათლად მიუთითებს არა მხოლოდ ოლიმპიური თამაშების ძალაზე, არამედ ოლიმპიურ ღირებულებებზე. დღევანდელ მყიფე საზოგადოებაში სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ ადამიანები კვლავინდებურად ათვითცნობიერებენ ამ ღირებულებებს და იმედოვნებენ, რომ IOC მთელ მსოფლიოში მშვიდობას უწყობს ხელს.

ციფრულ ხანაში საშუალება მოგვეცა მთელ მსოფლიოში ოლიმპიური მოძრაობის გულშემატკივრებისთვის ოლიმპიური თამაშები შეგვეთავაზებინა ახალი საშუალებებით. ასევე შევძელით და უფრო მეტ ახალგაზრდას მივაწვდინეთ ხმა," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.