კრივის ოლიმპიურ მომავალს ივნისში განიხილავენ

29 მარტი 2019

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კრივის შენარჩუნების საკითხს  ივნისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე განიხილავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას IOC-ის კომუნიკაციათა დირექტორი მარკ ადამსი ავრცელებს.

შარშან, ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი  გახდა AIBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით. IOC-ის უკმაყოფილება გამოიწვია ასევე  აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ მყოფი უზბეკი გაფურ რახიმოვის AIBA-ს პრეზიდენტად არჩევმაც.

აღსანიშნავია, რომ გაფურ რახიმოვმა რამდენიმე დღის წინ AIBA-ს აღმასკომს თანამდებობიდან წასვლის თხოვნით მიმართა.