თომას ბახს IOC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი ვადით არჩევაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება ჯერ არ გადაუწყვეტია

29 მარტი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან კლაუეს განცხადებით, IOC-ის პრეზიდენტს, 65 წლის თომას ბახს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ახალი ვადით ასარჩევად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება 2021 წლის IOC-ის 137-ე სესიაზე, სავარაუდოდ  ათენში.

„სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ. ვიფიქრეთ, რომ 2021 წელს, როდესაც IOC-ის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება, ათენი კარგი ვარიანტი იქნება, რადგან საბერძნეთი ის ქვეყანაა, სადაც ოლიმპიური თამაშები დაიბადა," - განაცხადა კრისტიან კლაუემ.

თომას ბახი IOC-ს 2013 წლიდან უდგას სათავეში.

137-ე სესიის მასპინძელი ქალაქის ვინაობა გაცხადდება წლეულს ივნისში, IOC-ს სესიაზე, რომელსაც ლოზანა უმასპინძლებს.