საქართველოს ძუდოისტთა ნაკრები თბილისის გრან პრიზე ტოკიო-2020-ის სალიცენზიო ქულებს აგროვებს

30 მარტი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა თბილისის გრან პრიზე ასპარეზობს. თბილისურ ტატამს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სტატუსი. ერთგვარ წამახალისებელ როლს ასრულებს ტურნირის 100-ათასიანი საპრიზო ფონდიც.  შეჯიბრებაში ჩაერთო 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტი.

როგორც მასპინძელი, საქართველოს ვაჟთა ნაკრები თბილისის გრან პრიზე თითოეულ წონაში 4 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი, ხოლო ქალთა ნაკრები შეჯიბრებაში 9 ძიუდოისტით ჩაერთო.

მასპინძლებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა გრან პრის პირველი დღე - კვარცხლბეკზე ასვლა ოთხმა ძიუდოისტმა შეძლო. მათ შორის ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი თუთაშვილს (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ).

გრან პრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების შედეგი მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალში აისახა. მესამე ადგილები დაიკავეს ვალერი იაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).