საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი პირველი ადგილით დაასრულა

31 მარტი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრის მესამე და დასკვნით დღეს ოთხი მედალი მოიპოვა. მასპინძელთა მონაგარი პირველი დღის მსგავსი აღმოჩნდა - თითო ოქროს,  ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.

თბილისის გრან პრის გამარჯვებული გახდა მძმეწონოსანი ლევან მატიაშვილი, რომელმაც ფინალში ბელარუსი ალექსანდრ ვახალიაკი დამატებით დროში ოქროს ქულით დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე ბუღაძემ. მედალოსნებს ჯილდოები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი პაპუნაშვილს (90 კგ), რომელიც ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან დამატებით დროში დამარცხდა. ამავე წონაში მესამე ადგილი დაიკავა ბექა ღვინიაშვილმა.

თბილისი გრან პრის პირველ დღეს ოქროს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ვერცხლის მედალი ხვდა წილად გიორგი თუთაშვილს (66 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ). გუშინ, გრან პრის მეორე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვალერი იაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

ორ-ორი ოქროს,  ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. თითო ოქრო-ვერცხლის მედლით ვაჟთა ჩათვლაში მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ შესაბამისად საფრანგეთისა და კუბის ნაკრები გუნდები.