იტალიის ხელისუფლება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში მილანისა და კორტინა დ`ამპეცოს განაცხადს გარანტად უდგება

06 აპრილი 2019

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სამასპინძლოდ მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთიანი განაცხადის მისაღებად, იტალიის ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მხრიდან მათდამი წაყენებულ მოთხოვნათა გარანტიებზე მოაწერა ხელი.

ერთ-ერთ გარანტიად სახელდება უსაფრთხოების ბიუჯეტი, რომელიც 415 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე იტალია ვალდებულებას იღებს სავიზო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.

„მიღწეული შედეგით მეტად კმაყოფილი ვარ. იტალიური სპორტი ამას იმსახურებს. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ ჯუზეპე კონტის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა პროექტს", - განაცხადა იტალიის სპორტის მინისტრმა ჯანკარლო ჯორჯეტიმ.

იტალიის გარდა, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის იბრძვის სტოკჰოლმიც, რომელსაც  შვედეთის ხელისუფლებისგან მყარი გარანტიები ჯერ  არ მიუღია.

2026 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის ვინაობა ცნობილი გახდება 24 ივნისს, ლოზანაში, IOC-ის 134-ე სესიაზე.