რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

11 აპრილი 2019

საქართველოს ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ახალ წონით სტანდარტში - 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი მოიპოვა და იქვე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. რეზიმ კარგად დაიწყო ასპარეზობა აკვრაშიც, მაგრამ 200 კილოგრამის დაძლევა მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენი ძალოსანი ასევე მეორე იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით.

ორჭიდში პირველ ადგილზე გავიდა სომხეთის წარმომადგენელი ჰაკობ მკრტჩიანი (164+207 და 371 კგ), მესამეზეც სომეხი ძალოსანი გავიდა - დავით ჰოვანისიანი (165+195 და 360 კგ). პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღსანიშნავია, რომ რეზი დავითაძე 2018 წლის ბუქარესტის ევროპის პირველობაზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ, შარშან ზაფხულში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი წონითი კატეგორიები შემოიღო, ისევე როგორც ახალი სარეკორდო სტანდარტები.