ლაშა ტალახაძის და ირაკლი თურმანიძის უძლეველი ტანდემი

13 აპრილი 2019

საქართველოს ნაკრებისთვის ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, დიდი გამარჯვებით  დაგვირგვინდა და 6 მედლით შეივსო.

საქართველოს ნაკრები მძიმე წონაში ორი გოლიათით წარსდგა. აქედან ერთი ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ირაკლი თურმანიძე იყო, მეორე - ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ვითარების  ბატონ-პატრონნიც სწორედ ქართველები იყვნენ. ჩემპიონიც, რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძე გახდა. ქართველმა გოლიათმა კონტინენტის უძლიერესის სახელი მეოთხედ მოიპოვა, თანაც ატაცში(218 კგ), აკვრასა (260 კგ) და ორჭიდის ჯამში (478 კგ) მსოფლიო რეკორდებით.

 ტალახაძემდე ფიცარნაგზე მისი მეგობარი ირაკლი თურმანიძე ბატონობდა. ნაკრების კაპიტანმა ატაცში 206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა. 241 კილოგრამით მესამე იყო აკვრაში, ორჭიდში დაგროვილი 447 კილოგრამით კი კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ორჭიდში 440 კილოგრამით მესამე საფეხური დაიკავა სომეხმა რუბენ ალეკსანიანმა.

მძიმეწონოსანთა ასპარეზობამდე ბათუმის სპორტის სასახლეში ამაღლებული განწყობა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) შეგვიქმნა. ნაკრების ახალგაზრდა წევრმა ატაცში 169 კილოგრამით ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 15 მედლით დაასრულა. აქედან 5 მედალი უმაღლესი სინჯისაა, 6 - ვერცხლის, ხოლო 4 -  ბრინჯაოსი. მათ შორის ერთი ოქრო ორჭიდის ჯამშია მოპოვებული.