ქართველმა ბერძენ-რომაელებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

15 აპრილი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ფინალამდე გაიკვალა გზა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ. ქართველ ფალავანს ფინალში ტიტულიანი მეტოქე ერგო - ევროპის რვაგზის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი თურქი რიზა კაიალპი. ქაჯაია გამოცდილ თურქთან 0:3 დამარცხდა.

კვარცხლბეკზე ავიდა ლევან ქავჟარაძეც (63 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში პოლონელ მიხალ ტრაჩს 5:2 მოუგო.

საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჩემპიონატის დასკვნით დღესაც ჰქონდა. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ დანიის სახელით მოასპარეზე რაიბეკ ბისულთანოვთან 3:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე 71 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.