ლოზანაში სპორტსმენთა წარმომადგენლობით ფორუმს უმასპინძლეს

17 აპრილი 2019

ლოზანაში სპორტსმენთა მეცხრე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლეს. ფორუმს დაესწრო 185 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 350-მდე სპორტსმენი, 50 საერთაშორისო ფედერაციის, 5 კონტინენტის ათლეტთა კომისიის და მომავალი ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს და ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლები. ფორუმს ასევე დაესწრო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი.

მასშტაბურ ღონისძებაზე მრავალი საკითხი განიხილეს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ათლეტთა ჯანმრთელობას, მათ განათლებას, სპორტის შემდგომ კარიერას. ისაუბრეს სპორტსმენის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ფორუმის მონაწილეები შეეცადნენ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად ემსჯელათ, მოეძებნათ სპორტში არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზები. ფორუმზე წამოჭრილ საკითხებს ინიშნავდნენ IOC-ის წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომში მათზე დაყრდნობით შეიმუშავებენ რჩევებს.