სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

19 აპრილი 2019

19 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით სეოკ-ში გაიმართა  სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.

სემინარის პროგრამა აგებულია 2018 წელს რედაქტირებული სოკ-ის სპორტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოში განთავსებული სასწავლო გეგმის საფუძველზე, რომელიც  პირველად 1986 წელს დაიბეჭდა,  მოგვიანებით კი 1998წელს.  მასში  ცვლილებების შეტანის შედეგად დოკუმენტი ცნობილი გახდა როგორც „სახელმძღვანელო სპორტის ადმინისტრირებაში".

ოლიმპიური სოლიდარობის მიერ სპორტის ადმინისტრატორებისთვის შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისათვის. ეს ნათლად გამოიკვეთა ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის განხილვისას, სადაც ხაზი გაესვა სპორტული ორგანიზაციების კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის და შემდგომი გაძლიერების საჭიროებას, რათა მათ შეძლონ თანამედროვე სპორტის გამოწვევებთან გამკლავება.

სპორტის ადმინისტრატორთა კურსები წარმოადგენს ღირებულ შესაძლებლობას ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციებისთვის, რათა მათ განიხილონ კარგი მმართველობის საფუძვლები, ეთიკური სპორტის ღირებულებები და პრინციპები, ოლიმპიური მოძრაობის მახასიათებლები და მიღწევები.

აღნიშნული  სემინარი ემსახურება   სპორტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და ადმინისტრატორების, ეროვნული ფედერაციების მწვრთნელების, მენეჯერების ცნობიერების ამაღლებას ოლიმპიური მოძრაობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სეოკ-ის სპორტის ექსპერტებმა და მოწვეულმა ლექტორებმა. განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ოლიმპიური მოძრაობა, სპორტის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა, სპორტი და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საკითხები, სპეციალური ოლიმპიადის წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ლიდერობა და სხვა.  

აღსანიშნავია ისიც, რომ სემინარში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო დედაქალაქის, არამედ რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.