ლოზანა-2020 და პარიზი-2024 თანამშრომლობას იწყებენ

21 აპრილი 2019

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების და პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეებს შორის გარიგება ითვალისწინებს სპორტულ ღონისძიებათა ჩატარებით მიღებული გამოცდილების გაზიარებას, მომსახურე პერსონალის მომზადებაში დახმარებას, ასევე თამაშების მემკვიდრეობის პროგრამის შემუშავებას.

ლოზანა-2020-ის და პარიზი-2024-ის ხელმძღვანელების - ვირჟინ ფევრის და ტონი ესტანგეს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი სრულიად შეესაბამება „დღის წესრიგი 2020"-ს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაც მულტისპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებისთვის ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებაა.

„ახალგაზრდული თამაშები-2020 ერთგვარი საცდელი პოლიგონი იქნება 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. შვეიცარიელ კოლეგებთან ჩვენი მეგობრობა, გეოგრაფიული სიახლოვე და საერთო შეხედულებები მრავალი საკითხის ოპერატიულად გადაჭრაში დაგვეხმარება," - განაცხადა ტონი ესტანგემ.