ნინო სალუქვაძე: პირველი ლიცენზია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის

24 აპრილი 2019

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების 8-გზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.

ეს ამბავი გაირკვა პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე. საქართველოს ნაკრების ლიდერმა უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. პნევმატური პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრების ფინალში ნინო 578 ქულით შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე შედეგი აჩვენა. რადგან მის წინ მდგომთაგან, ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ანა კორაკაკის, ოლიმპიადის რუს ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ ტოკიოს საგზურები, ნინო ავტომატურად მოხვდა ლიცენზიანტთა შორის.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სახელოვან ქართველ ოლიმპიელს - ნინო სალუქვაძეს ულოცავს ამ ისტორიულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.