გამოვლინდა ლოზანა-2020-ს მედლის დიზაინის კონკურსის გამარჯვებული

24 აპრილი 2019

ლოზანაში 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის გამოცხადებული მედლის დიზაინის კონკურსის ლაურეატი გამოვლინდა. საუკეთესოდ აღიარეს 20 წლის ახალზელანდიელი ზაკეა პეიჯიას ნამუშევარი -„სილამაზე მრავალფეროვნებაში".

კონკურსის თაოსნებმა 60 ქვეყნიდან დაახლოებით 300-მდე ნამუშევარი მიიღეს. გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრი დანკა ბარტეკოვა, ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ხელმძღვანელი ვირჟინი ფევრი და ლოზანის სამხატვრო სკოლის დეკანი ვივიან მორი.

კონკურსის გამარჯვებული დაესწრება ლოზანის 2020 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, მათ შორის - გახსნის ცერემონიას, დაჯილდოვების ცერემონიებს და თავად გახდება იმის მოწმე, თუ როგორ ღებულობენ მისი დიზაინით შექმნილ მედლებს სპორტსმენები.

გარდა ამისა, მედლის დიზაინის ავტორი საჩუქრად მიიღებს „სამსუნგის" პლანშეტს და მედლების პერსონალურ კომპლექტს.

ჟიურის წევრებმა ასევე შეარჩიეს ორი ნამუშევარი, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. მეორეზე აღმოჩნდა 28 წლის ფრანგი იოჰან პოიზას ნამუშევარი „ალპების ვარსკვლავი - ეს შენ ხარ", ხოლო მესამეზე- 30 წლის ფილიპინელის, მიშელ იაკობ პუებლასის მედალი „ჩემპიონის ფრთები".