სეოკ-ის მილოცვა თენგიზ გაჩეჩილაძეს

30 აპრილი 2019

80 წელი შეუსრულდა სახელოვან ჟურნალისტს და რედაქტორს, ქართული სპორტის გამორჩეულ მოღვაწეს,  გაზეთ „ლელოს" საპატიო რედაქტორს  თენგიზ გაჩეჩილაძეს.

სპორტულ ჟურნალისტიკაში  ბატონი თენგიზის მრავალმხრივ ნაყოფიერ და ხანგრძლივ საქმიანობას კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ის ექვსი ათეული წელია  ქართული სპორტის სამსახურში დგას და არის მემატიანე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისა. თენგიზ გაჩეჩილაძის პუბლიკაციებში და წიგნებში საქმის ცოდნით და მაღალი პროფესიონალიზმით არის ასახული ჩვენი სპორტის დიდი წარმატებები, გამოჩენილ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მოღვაწეთა ბიოგრაფიები,  განხილულია პრობლემატური საკითხები.

 როგორც მთავარი რედაქტორი, ის 30 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქვეყნის უპირველეს სპორტულ გაზეთ „ლელოს" და ბოლომდე უერთგულა მას.  თავის დროზე სწორედ „ლელოს" რედაქცია გამოვიდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნის წინადადებით,  საინიციატივო ჯგუფს კი თავად  ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობდა. შემთხვევითი არ არის, რომ მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ოლიმპიურ თემატიკას, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან გადმოცემულ რეპორტაჟებს, ზოგადად - ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას.  მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ის დღემდე, აქტიურად არის ჩართული ოლიმპიურ მოძრაობაში და ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს თენგიზ გაჩეჩილაძეს 80 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და ახალ წარმატებებს მის მრავალმხრივ საქმიანობაში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი