WADA-მ მოსკოვის ლაბორატორიიდან დოპინგ-სინჯების ამოღება დაასრულა

02 მაისი 2019

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ლაბორატორიიდან A და B დოპინგ-სინჯების ამოღება წარმატებით დაასრულა.

WADA-ს გამოძიების განყოფილების დირექტორის გიუნტერ იანგერის განმარტებით, ექსპერტების მიერ ამოღებულ დოპინგ-სინჯებს, რომლებიც WADA-ს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიტანეს, იმათ წინააღმდეგ მტკიცებულებათა გასამყარებლად გამოიყენებენ, ვინც შესაძლოა ანტისადოპინგო წესები დაარღვია. იმავდროულად, კვლევის შედეგები WADA-ს  სუფთა სპორტსმენების რეაბილიტირებაშიც დაეხმარება.

მოსკოვის ლაბორატორის მიერ WADA-სთვის მონაცემთა გადაცემა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) უფლებამოსილების აღდგენის წინაპირობა იყო. RUSADA-ს საერთაშორისო ანტისადოპინგო ნორმებთან შესაბამისობის სტატუსი 2015 წელს ჩამოერთვა.

2018 წლის სექტემბერში რუსეთის სააგენტოს უფლებები აღუდგინეს, მაგრამ იმავდროულად სხვა პირობებიც წაუყენეს. მოსკოვმა სპორტში აკრძალულ ნივთიერებებთან ბრძოლის სფეროში დარღვევები აღიარა, მაგრამ უარყო  სახელმწიფოს დონეზე დოპინგის მხარდაჭერა და რუსეთის დოპინგ-პროგრამაში სპეცსამსახურებისა და მაღალჩინოსნების ჩართულობა.