საზეიმო ღონისძიება სეოკ-ში

06 მაისი 2019

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარულ ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ახალ  წარმატებას. პეკინში გამართულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების 8-გზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სროლის სახეობათა ფედერაციის და მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლიცენზიის მოპოვება მიულოცა  ნინო სალუქვაძეს,შემდგომი წარმატებები უსურვა და შესაბამისი სპეციალური სერთიფიკატი პირადად გადასცა მას.

„ნინომ ტარადიცია არც ამჯერად დაარღვია და, უკვე მერამდენედ, პირველმა მიიღო  ოლიმპიადის საგზური. მისი მიღწევა მართლაც უნიკალურია და ძნელად მოეძებნება ანალოგი მსოფლიო სპორტში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სახელოვან ოლიმპიელს ახალგაზრდა სპორტსმენებიც მიბაძავენ და ტოკიოში მრავალრიცხოვანი და, რაც მთავარია,  ბრძოლისუნარიანი გუნდით ჩავალთ,"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ნინოს ახალი წარმატება მიულოცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, გაზეთ „ლელოს" საპატიო რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ და სხვა სტუმრებმა.

ღონისძიებაზე საზეიმოდ გაიხსნა ტოკიოს 2020 წლის  ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა დაფა, სადაც უკვე გაჩნდა პირველი ხელმოწერა, რომელიც  სეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს ეკუთვნის.