სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, AIBA მზად არის IOC-ს უჩივლოს

06 მაისი 2019

სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაცია (AIBA) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მხრიდან აღიარების დაკარგვის შემთხვევაში, მზად არის IOC-ს სასამართლოში უჩივლოს.

შარშან, ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ასევე შეაჩერა AIBA-ს დაფინანსება. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსური, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით. ამასთან, ორგანიზაციის ვალი 16 მილიონ დოლარს აღემატება.

AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიების სრული მოხსენება, რჩევები, გასატარებელი ზომები თუ შესაძლო სანქციები წარმოდგენილი იქნება ლოზანაში, 22 მაისს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.

არის ალბათობა, რომ IOC AIBA-ს სტატუს ჩამოართმევს. ამგვარი გადაწყვეტილებით AIBA-ს აღარ შეეძლება ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებების ჩატარება და ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ორგანიზება.

შაბათს სიდნეიში, ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა დასაშვებად მიიჩნია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა ტურნირის ჩატარებას სხვაც შეძლებს, თუ AIBA IOC-ის მხრიდან აღიარებას დაკარგავს.