ვიქტორ სანეევის მეუღლე სტუმრად სეოკ-ში

07 მაისი 2019

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის მეუღლე - ქალბატონი იანა, რომელიც ავსტრალიიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში (ვიქტორ სანეევის ოჯახი 1992 წლიდან სიდნეიში ცხოვრობს). მას უმასპინძლა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვიქტორმა ვერ შეძლო მონაწილეობა მიეღო შარშან თბილისში გამართულ სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმში. ეს ისტორიული ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით კი ოლიმპიურ ჩემპიონებს, მათ შორის - ვიქტორ სანეევს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები მიენიჭათ.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ქალბატონ იანას გადასცა ვიქტორ სანეევის კუთვნილი ორდენი და სპეციალური სახელობითი პრიზი.