ბაქოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენელთა სემინარს უმასპინძლეს

08 მაისი 2019

ევროპის 2019 წლის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ბაქოში  გაიმართა სემინარი ეროვნული ოლიმპური დელეგაციების მისიების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. დელეგატთა შორის იყო სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, ბაქოში ევროპის 50 ქვეყნის 48 წარმომადგენელს ელოდებიან. პოლიტიკური მიზეზების გამო, აზრებაიჯანის დედაქალაქში არ ჩავა სომხეთის გუნდი. ლიხტენშტაინი ერთადერთი სპორტსმენით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ მან ფეხი მოიტეხა და ფესტივალს კიდევ ერთი ქვეყანა დააკლდება.

სემინარის მონაწილეები სხვადასხვა საკითხებზე ბაქო-2019-ის ორგანიზატორთა მოხსნებებს გაეცნენ და მოინახულეს საასპარეზო ობიექტები. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ოლიმპიელები იმავე ოლიმპიურ სოფელში დაბინავდებიან, როგორც ეს იყო 2015 წლის ევროპულ თამაშებზე.

თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიები ჩატარდება Crystal Hall-ის ჭერქვეშ, რაც ფესტივალის სტუმრებს ივლისის მზისგან დაიცავს.

სემინარის სტუმრებს ასევე წარუდგინეს ჩემპიონ-პრიზიორთათვის განკუთვნილი მედლები.

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (21-27 ივლისი) 14-18 წლის სპორტსმენებს ელოდებიან, რომლებიც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ.