ძალოსნობა 2024 წლის ოლიმპიური პროგრამის ოფიციალური ნაწილია

10 მაისი 2019

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობა ოფიციალურად შეიტანეს. ამის დასტურია გოლდ კოსტში (ავსტრალია) ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსა (ITA) და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IWF) შორის სრულყოფილ შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონია.

არაერთი დოპინგ შემთხვევის გამო, პარიზი-2024-ის პროგრამაში ძალოსნობის სტატუსი პირობითად იყო განსაზღვრული.

მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ITA-თან განახლებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში ძალოსნობის პირობითი სტატუსის ავტომატურად შეცვლის მაუწყებელი იქნებოდა.

 „IWF აკრძალული პრეპარატების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით ძალოსნობას ვაქცევთ ყველაზე „სუფთა" სპორტის სახეობად," - განაცხადა ITA-ს გენერალურმა დირექტორმა ბენჟამინ კოენმა.

2017 წლის ივნისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, რომ თუ ძალოსნობაში დოპინგშემთხვევები მასობრივ ხასიათს მიიღებდა, მაშინ სპორტის ეს სახეობა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან შესაძლო გარიცხვის საფრთხის წინაშე დადგებოდა.