გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

18 მაისი 2019

დღეს, 18 მაისს გაიხსნა   საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში. პირველი დარტყმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ შეასრულა, რის შემდეგაც ასპარეზობაში ჩემპიონატის მონაწილეები ჩაერთვნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის წევრები, გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა  და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: ,,დღეს აღსანიშნავი დღეა,  გოლფის ფედერაცია ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში  პირველად ატარებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს.  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მიქაძემ ისაუბრა სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვიცით და ასეთი წარმოდგენა გვაქვს , რომ გოლფი არის ძვირად ღირებული სპორტის სახეობა  და ახალგაზრდებს არ შეუძლიათ მასობრივად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში. თუმცა, რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, საერთაშორისო ფედერაციამ აიღო გეზი, რომ გოლფი გახადოს მასიური, მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. თქვენ იცით, რომ გოლფი ოლიმპიადაზე ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა თავისი ისტორიით. შემდგომ ალბათ ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რომ ავიღოთ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. რა თქმა უნდა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ვერ მოვასწრებთ, ეს არის მომავლის გეგმა. "

გოლფის ეროვნულ ჩემპიონატს 18-19 მაისს ‘Tbilisi Hills Golf Club' მასპინძლობს. შეჯიბრში  30-ზე მეტი მოყვარული მამაკაცი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - ‘R&A' (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „თბილისი ჰილს".