მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნები ქობულეთში დააჯილდოვეს

20 მაისი 2019

ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში" 2018 წლის მსოფლიო საუკეთესო ძალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია შედგა. ისევე როგორც შარშან, როდესაც გალა დაჯილდოვებას თბილისმა უმასპინძლა, საუკეთესო ვაჟ ძალოსნად ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა ძალოსანმა შარშან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები მოიპოვა და მსოფლიო რეკორდებიც გააუმჯობესა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელსაც 2018 წლის საუკეთესო ქალი და კაცი ძალოსნები უნდა გამოევლინა, ყველაზე მეტი - 17800 ხმა ქართველ გოლიათს ერგო. ქალებში 13 ათასი ხმით ასევე საუკეთესო გახდა ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპირი თამაშების ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც 2018 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.

მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოვების ცერემონიზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ IWF-ის პრეზიდენტი ტამაშ აიანი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) პრეზიდენტი ანტონიო ურსო და საერთშორისო ფედერაციის სხვა წარმომადგენლები. ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.