მინსკში მეორე ევროპული თამაშების მედლები წრმოადგინეს

22 მაისი 2019

21 მაისს, მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე მულტისპორტული ღონისძიების მასპინძლებმა ჩემპიონ-პრიზიორებისთვის განკუთვნილი მედლები წარმოადგინეს.

მედლის კორპუსი ჩამოსხმულია სპეციალური შენადნობისგან - ტომპაკისგან. სამივე ხარისხის მედლის დასამზადებლად გამოყენებულია ოქრო, 999 სინჯის ვერცხლი და ბრინჯაო. ძვირფასი საფარის სიმტკიცისთვის გამოყენებულია ასევე ნანოალმასები - ბელარუსი გამომგონებლების მიერ დაპატენტებული ტექნოლოგია.

ირკვევა, რომ ერთი მედლის დამზადების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ტრადიციულ ჭედურ ტექნიკას და ნანოტექნოლოგიებს, დაახლოებით 20 საათი გრძელდება.

მედლის წონა 540 გრამს შეადგენს, დიამეტრი - 9,5 სანტიმეტრს, ხოლო სისქე -1 სანტიმეტრს.

აღსანიშნავია, რომ მედლის დიამეტრი - 9,5 სანტიმეტრი შემთხვევით არაა შერჩეული - ბელარუსის მოსახლეობა 9,5 მილიონი ადამიანისგან შედგება.

მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის დამზადდება 1084 მედალი, აქედან 329 ოქროსი, ამდენივე ვერცხლის და 426 ბრინჯაოსი. ჯილდოებზე ამოტვიფრული იქნება სპორტის სახეობის დასახელება და შესაბამისი დისციპლინები, რომლის წარმომადგენლისთვისაც იქნება განკუთვნილი მედალი. დიზაინში გათვალისწინებულია ბელარუსის კულტურის, ტრადიციების თუ ბუნების ელემენტები.